Vladas Braziūnas
ვლადას ბრაზიუნასი


ქართულად / gruziniškai / en géorgien / in Georgian

Vertė Meri Šalvašvili

დაიბადა 1952 წლის 17 თებერვალს ლიტვის ქალაქ პასვალისში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში – ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, პარალელურად დაამთავრა ლიტვური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მუშაობდა უნივერსიტეტში ჟურნალ – “გიმტასის კრაშტეს” რედაქციაში; ამჟამად მუშაობს ლიტერატურის და ხელოვნების რედაქციაში.
        მისი დებიუტი შედგა 1974 წელს. გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული: “ობობას ქსელი”, “მოვისრიალე ელვა”, “შავი შენაკადის შელოცვა”, “მავთულები ჩხვლეტენ ზეცას”.







01 02 03 04 05
06 07 08 09 10
11 12 13 14 15



დ. გურამიშვილის 15. ნანას
(D. Guramišvilio 15. Nanai)

ჩვენი მარადი გიდი ხარ, ნანა,
ეტრუსკთა ღმერთის გქვია სახელი,
ერთიანობამ განგვკურნა, გვიხსნა,
სული გვიბოძა ხორცად და სისხლად.
და ვძლიეთ სურვილს ვით დარდს – გამხელილს.
ნუ დავუჩოქებთ სიკვდილს ნურასდროს,
თავს ვილნიუსის ზეცა დამყურებს,
კვლავ თავს დავუხრი დღეებს უავდროს,
მთებს ისევ შვენით ელვის საყურე...
კახეთში ისევ დგას ძველი ციხე,
გარდასულ წელთა გვიყვება ამბავს,
ძველ საიდუმლოს – ბრძოლების გვიმხელს,
სანთელი იწვის და თვალებს ნაბავს.
შენი ღმერთი კი ღვინის თასებით
კვლავ დაიჩოქებს საკურთხეველთან,
და სული ერთურთს ვით ემსგავსება,
ამაყად მოდის ჯიში ივერთა.
ჩემს ლირიკოს ღმერთს ვიენაჟინდისს
სურს განადიდოს სამშობლო შენი,
სვიის ტოტებით (შევფიცავ სინდისს)
გლოცავ კრინჩინში და ცრემლი მშვენის,
დილის ნამს გემო უკვე გავუგე,
მშვიდი ღიმილით შენს ვაჟას ვუსმენ
მთებს კახეთისას კარებს გავუღებ,
ფოთლების წყებას დავიფენ გულზე.

ნანა – ქალღმერთის გქვია სახელი
გზაჯვარედინზე ფიქრი ერთდება,
– აქ, ჩემს თბილისში უკვე გათენდა,
შენს ვილნიუსში – ახლა თენდება.


მირზაანი, ფიროსმანაშვილის სამშობლო
(Mirzaanis, Pirosmanašvilio gimtinė)

განფენილია ჩემში მარად სული კახეთის,
მისი მონა ვარ საუკუნოდ, თავს ვერ დავიხსნი,
ნისლშებურვილნი, სურვილს ჩვენსას ვერც კი ვამხელდით,
სიტყვათა წყებას იმეორებს გონი თავისით.

ამოტვიფრული ძველ აბრაზე – სურათი გვაკრთობს,
სუყველაფერი ამით ითქვა სამარადჟამოდ,
რომ ხელოვანის სული მართლაც წააგავს მნათობს,
ძველ პერანგივით ჩვენს სხეულზე მიზრდილა, გვათბობს
და დროს არ ძალუძს, რომ ის წაშალოს...

ამ სურათს მართლაც შეუძლია შეგეკამათოთ:
ფულთან თამაშობთ, როგორც ცეცხლთან, ვერ დამშვიდდებით,
აქ ფანჯრებიდან ჩანს საუნჯე, გვხიბლავს და გვართობს,
შავი ზღვის პირზე ელვარებენ ოქროს თითები.


***
(„Mendelsonas priemiesčio aludėj...”)

ლუდხანის კართან დგას მენდელსონი –
ვით მარტოხელა ობოლი ცრემლი;
გამოგონებულ მთვარის სურათებს
ვიღაც უჩინრად ლოცავს თუ წყევლის.

ღამისეული მოგონებებით
გასრიალდება ელვა – ბაგეზე,
ვფიქრობ ბავშვებზე... საფეთქლის მიღმა
გაოგნებული დავძრწი, დაგეძებ.

პირველი ბავშვი შენ გგავდა, კარგო.
როგორც წვეთს-წვეთი, ფოთოლს-ფოთოლი,
ნუ გამახსენებ, წამს უნუგეშოს –
სიკვდილის ამბავს, ცრემლით მოყოლილს.

სავსე მთვარეთა სხივით დაზაფრულს,
ნუ მომაგონებ საშიშ ჭრილობას,
სიზმრების მიღმა ახსნილ სახეებს,
დამსხვრეულ სარკის გულახდილობას.

აღარსად მოჩანს უკვე მწვერვალნი,
ო, ღმერთო ჩემო, ზღვებიც გაქვავდნენ.
დამსკდარან ირგვლივ ღვთიური მთანი,
ვერ მოვიტანე დოქი აქამდე –

რომ შენი ხელით შემესვა წყალი,
მეხილა შუქი შენი სხეულის,
გაიყოლიე მდინარისაკენ,
ნაწნავთ სინაზე და განძეული.

ჩემს მუხლთ წინარე გამოიტირე
ჩემი ცოდვა და ჩემი სიცრუე,
სირცხვილის ცელი მიცელავს ფეხებს –
დანაპირები ვერ შეგისრულე.

უხმოდ გასცურე ამ ზღვათა მიღმა,
ელავ, ანათებ მზის ბრწყინვალებით,
შიშველ სხეულზე ვით ანაბეჭდი –
ცხელი აგვისტოს მოჩანს თვალები.

აქვე ბაზარში გიყიდი ჩიტებს,
რომელსაც ძალუძს ფრთები აღმართოს.
აქ ყოველივეს მოძებნი, რაც გსურს,
უნაპიროდ და უმისამართოდ.

აქ არის ლუდი, კოვზი, სასწორი
და ქალბატონი იხვების წყება,
ღმერთო, შენია ეს სილამაზე,
და ჯადოსნური თავდავიწყება.

ოღონდ ნუ მომკლავ, ღმერთო, იოლად
გრძნობის გარეშე უმტკივნეულოდ,
როს ჩავიხუტებ ლოტოსის ყვავილს
დამემშვიდობე მაშინ, სხეულო.

სამშობლო მოჰგავს დაჭრილ მცენარეს,
ნაჯახის დარტყმით დაჩეხილს, შეშლილს,
მოვემართები ლუდის ბარიდან
ნაიარევი ხის ტოტით ხელში.


ვილნიუსის გაჩერებანი
(V i l n i a u s  s t o t e l ė s)
 

გედიმინასის მოედანი
(Gedimino aikštė)

მიეწებება სადაც ერთურთს ბაგით მდინარე,
ციხე დგას ბრძოელბგამოვლილი, ცრემლმომდინარე,
წვიმა ჩარეცხავს ევროპის გზებს დღით გარდასულით,
შემოაბიჯებს ცრუდ მზირალი ლანდი წარსულის,
წყალს შეაფარებს თავს უცნობი რაიმე სული.

ორი მდინარის სალტე ციხეს კიდეც ამშვენებს,
გასცდი ნაპირებს, ცა პასუხსაც შემოგაშველებს,
გარდიქმენ ცოდვად, ფერდობების ძუნწო საფლავო,
რომ ქუჩებს თავი შეაცოდო და შეაფარო.

აბჯარი, ჯვრები, ბოროტების მკაცრი ნაყოფი,
შეჯვარებული ნერესის ხმით და უარყოფით,
გამყინვარებულს ტყეებს, ქცეულთ მხოლოდ ეკლებად,
ძველად ჯვარწერილთ დრო ზღვებისკენ მიერეკება.

აქ შუაწყალში იწყებს ტორტმანს ტალღა ძლიერი,
აქ ანარეკლი დააბიჯებს ღმერთის იერით,
ხელაყვანილი მოჰყავს ბავშვი და მიმზერს ურცხვად –
მარადიულად სჯერა ჩემი, საუკუნო ბარათებს ფურცლავს.]

იერუსალიმი
(Jeruzalė)

შეუჩერებელი სვლით,
გამოუსწორებელი მონებით,
წარსული ჩააღწევს დედამიწაზე
ცეცხლით, მახვილით,
გონებით.

მკვდარ დიალექტზე საუბრობენ ჩემი ტყეები,
შავ ცხოვრებას მახსენებენ ცეცხლის ენებით,
ხეტიალობენ სადაც სულნი ისტორიულნი,
სიბრმავესა და სიკაშკაშეს შორის მოისმის
ხარხარი მათი ისტერიული.

ვინ არის იგი, უცხო და ცივი,
მან გამომძერწა, გამომკვება შიშისთვალებამ,
ძველი სურათი, უკანასკნელი სამკაული –
ესაუბრება ბუნდოვანებას.

იერუსალიმს როცა გასცდები –
აურაცხელი ბილიკი მოჩანს,
ფერად-ფერადი ნათურები
გიმზერენ კრძალვით,
მინდვრების ყვავილებით
ივსებენ ხონჩას.

მოლეტუ
(Molėtų)

მთვარის თიხავ, მოკაშკაშე, მოელვარე,
განმერიდე, ნუ დატბორავ ვერცხლით თვალებს,
მიწა ცრემლით ანუგეშე,
გამოქვაბულს ზეცის კალთა დააფარე.

ო, სევდა, ენით გამოუთქმელი,
გულახდილთათვის – რაა მანძილი,
ბინდ-ბუნდში მოჩAნს ფრინველთ ფიტული,
თავს დაგვტრიალებს ფრანის აჩრდილი.

მაგრამ კარგ ამბავს როდი გვაუწყებს,
გორაკთა ნისლში ჩანს კალვარია,
აუკშტაიტია, თქვენი მინდვრები
ჩემთვის ტკბილი და სანუკვარია.

შროშანის ფრთათეთრ ყვავილად იქცა,
ვინც კი შეიგრძნო შენი სურნელი,
გაბზარა თიხა, აღმოჩნდა მცენარედ,
შემორჩა სხივი, მხნე უშურველი.
მკვდარ თითებს შორის მიიპარება
მზის დასასრულზე ლუდის ცრის ნისლი,
გარდაიცვლება მკაცრი საათი,
სიცოცხლის დღეებს გიწვდიან მისხლით.

წარსული დრონი დაგივიწყებენ,
შენ კი ხსოვნისთვის მათ ფეხთით
შროშანის ყვავილს დატოვებ,
გაიღებ მსხვერპლად,
რაც
           ამქვეყნად
                            არ გაგაჩნია.

ჟვერინას
(Žvėrynas)

აქ გაზაფხულის დასაწყისი უჩვეულოა –
ვით მოელვარე თვალის გუგა – ცა
             იწმინდება,
თითქოს გონებით არგანსჯილი ძველი
             აზრები
მგალობელთა ხმით წარმოითქმის ძირძველ
             მითებად.
მარადიული ფრინველების მოგვნუსხავს
             ძალი,
კვლავ უნუგეშოდ დაბერებულთ უხმობს
             ნოტები
დების სიმღერებს, ძველ რვეულთა ძვირფას
             სამკაულს,
აწ მიტოვებულს, ნუთუ მართლა არ აგონდებით?!
პირმშვენიერი ანგელოზი – სრულყოფილება
გადაეფარა ფრთებით ტყეებს, ჟვერინას
             ნაძვებს,
რომელიც ძუნწად სვამს მტვერს ქუჩისას
ვითარცა ბერი – გროგის გარეშე ვერაფრით
             გასძლებს.
გადაცურდება ყრუ სიჩუმე მდინარის გასწვრივ,
ხეთა გვირგვინებს დაამტვრევენ ფურცლები
             „რუნის“
ამოიზრდება წყლის ფსკერიდან ელვარე ნავი
მზის ყვავილებით შეიმკობს სურვილს.
ისევ ჩავყაროთ საძირკველი, მოვუხმოთ
             სულებს,
დღესასწაული გაზაფხულის – მოვრთოთ ვარდებით,
გავშლი სარეცელს, მიმოვაბნევ ცრემლს მზესუმზირის,
და თავს მივუძღვნი სილამაზეს ცის გუმბათების.


მთვარისა და ქარაშოტისა
(Mėnulio Viesulo)

მთვარის სულიდან
ჩემი სულის ოაზისში გარდაისახე.
მოგზაურობას იწყებ თავიდან,
შენ ხარ ექსტაზში ჩაკარგული
წინადადება,

საღამო – ჩვილ ბავშვს
თაიგულად რომ მივუძღვენი,
შენ ხარ ცეცხლოვანი, მდუღარე ღამე,
გამოგდებული ძველი სახლიდან.

მღვრიე, უსულგულო გალაქტიკაში
ელვისა და ქარაშოტის კუთვნილება ხარ,
დაჩეხილ ბაღში, ქვის ბორბლებს შორის,
ანათებს ნავთის თანავარსკვლავედი.

ისმის კივილი,
ზვავით გაღვიძებულ ფრინველების,
რომელიც ჩუმი მოლოდინით ელიან
გალინდებს, (იქნებ ინდებს...)
ზუსტად არც კი იციან.

ოთხსართულიან ლექსიკონებს
გამოუყვიათ ეშვები გარეთ
ღრმა ჯუნგლებში,
თოვლივით სუფთა ოაზისებში
შიშინებს უცნობ ძალით რადარი.

სადღაც ჩვენგან შორს – აზიაში იწყება ომი,
იკვეთება ყოველივე,
ვით უნუგეშო ქანდაკება
გამჭირვალე წლების
სურათზე,
მთვარის და ელვის ქალაქებში,
შენ კიდევ ძალგიძს,
                      ზეაღმართო ხელები ცისკენ,
შეეხო და მიატოვო
გზა ჯოჯოხეთის
                                        ამ ქარიშხალში?


მხოლოდ ვარსკვლავებამდე
(Tik iki Žvaigždžių)

მეხსიერებას შემორჩება ნაცნობი ბაგე,
მუხლჩაკეცილი შემოკრებს სამყარო ჰანგებს,
ღამით, ვაშლის ხეს დაუნდობლად არხევს ურჩხული
ღამე აქ არის, მანუგეშებს კიდეც ჩურჩულით.

ჩამოვარდება მოწყვეტილი მიწაზე – ვაშლი,
მე დავბრუნდები, დამახვედრებ სარეცელს გაშლილს,
გაფერმკრთალდება ყოველივე, ჩუმდება ბაგე,
მუნჯი კივილით ლაბირინთში გასასვლელს აგნებს.

ცხელი ნაკვერჩხლით სავსე ორმო – გაგიმხელთ სურვილს,
მთვარე ბინადრობს – ქვეშ თქვენი ზღურბლის...
ვინც კი ბრუნდება სახლში – ყლაპავს
თავის წილ ზეცას, მზეს და სინათლეს,
შიშველ მინდორზე ფრინველთა სევდას
როგორც მძიმე ტვირთს, ისე მივათრევ.

უცხო ქალაქი კვლავ იწოვს ბგერებს,
იძირებიან მხეცები ტბაში,
სანაპიროზე მცხოვრები მწერნი
მოგვაგონებენ სურვილებს საშიშს.

მოჩანს შარაგზა აბსურდისა და სიღარიბის
ცოდვებს გაგანდობ ჩუმი, დაღლილი,
ხეებს ქვეშ მოჩანს, ერთი საფლავი –
მარადიული ჩვენი სახლივით.

ღამე ხელს მკიდებს, სადღაც მიმათრევს,
მუხლმოდრეკილი ვნანობ და გვედრი,
ეს არის ჩემი ხვედრი – სიმართლე.
ვაშლის ხეს ვუმზერ ამ გზებზე მხოლოდ.
მოწყალე იყავ, არჩევანი ერთია ჩემთვის.
ვარსკვლავებამდე ვეცემი ბოლოს.


თანამედროვე ლიტველი პოეტები - Šiuolaikiniai Lietuvos poetai / Į gruzinų kalbą vertė Meri Šalvašvili. – Tbilisi: Merani, 1992. – P. 81-92.